ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში მედია ტური გაიმართა

5-8 აგვისტოს, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში, CENN-ისა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მედია ტური გაიმართა. ტური მიზნად ისახავდა ქედის ბუნებრივი და კულტურული ღირშესანიშნაობების და ადგილობრივი ინოვაციური ბიზნეს ინიციატივების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას და ზოგადად მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდას.

 

ტურის ფარგლებში 10-მდე მედიის წარმომადგენელი ადგილობრივი წარმატებული მეწარმეების საქმიანობას გაეცნო და  მოინახულა ქედის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლები.

 

მონაწლეები გაეცნენ საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამით გაწეულ დახმარებას, მათ შორის, ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ ინიციატივებს.

 

ტურის ფარგლებში შედგა მედია კონკურსი და გამოვლინდა სამი გამარჯვებული :

 

I ადგილი: ინდიგო -  ქედა - მწვანე ზონა დიდი პოტენციალით
II ადგილი: Entrepreneur - დაუვიწყარი შთაბეჭდილებების სავანე ქედაში
III ადგილი: National Geographic საქართველო - დაბრუნებული სიცოცხლე სოფელს

გამარჯვებულ ჟურნალისტებს პრიზად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ორ დღიანი სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.

 

ტურის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიქმნა 15-მდე ვიდეო და სტატია, რომლებმაც ქედა უფრო  მიმზიდველ ტურისტულ და ინვესტორებისთვის მიმზიდველ მუნიციპალიტეტად წარმოადგინეს.

 

პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

| ბეჭდვა |